დღეს, 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დარბაზში გაიმართება სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილეს ფარგლებში განხორციელებული პროექტის - ფოტოგამოფენა "საგანძური" - დასკვნითი ღონისძიება.
პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს მიენიჭებათ "საგანძურის მეგობრის" წოდება. პროექტის ავტორები და ორგანიზატორები შეაჯამებენ მიმდინარე წლის საქმიანობას და წარმოადგენენ პროექტის მომავალი განვითარების გეგმებს და ინიციატივებს. წარმოდგენილი იქნება "საგანძურის" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ამსახველი მასალა. პროექტის ავტორების მიერ გაკეთდება სპეციალური შეთავაზება სტუდენტებისადმი თანამშრომლობის შესახებ, ასევე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა "საგანძურის" მოგზაურობის შესახებ უცხოეთში.
ღონისძიებას დასეწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, "საგანძურის" მასპინძელი რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უამღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
პროექტის ფარგლებში ფოტოგამოფენამ უკვე იმოგზაურა მცხეთაში, სტეფანწმინდაში, სიღნაღში, თელავში, წინანდალში, ყვარელში, გურჯაანსა და რუსთავის #16 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ექსპოზიციის მოწყობის პარალელურად ყველა დამთვალიერებლისათვის მოეწყო შემეცნებითი პროგრამა: მიმოხილვითი ექსკურსიები, თემატური შეხვედრები.
პროექტი განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით.
ფოტოგამოფენა "საგანძური" შეიქმნა 2008 წელს - სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში - საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის დაფინანსებით.
ფოტოგამოფენა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ორიგინალების ზომებში შესრულებულ 40-მდე მაღალმხატვრულ ფოტოვერსიას აერთიანებს და წარმოადგენს ორიგინალურ საშუალებას უძველესი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და პოპულარიზაციისთვის.
"საგანძურის" დევიზია პატრიარქის მოწოდება - "ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ!" - და ამ მიზნით ხორციელდება ყველა საჭირო ღონისძება, რათა ყველას მოეფინოს ქართული სიწმინდეების უდიდესი მადლი და ხელი შევუწყოთ იმ საჭირო და საპატიო მისიების შესრულებას რისთვისაც ეს პროექტია მოწოდებული: ჩართოს ახალგაზრდობა ქართული მართლმადიდებლობისა და საქართველოს ისტორიის შესწავლასა და კვლევაში, წვლილი შეიტანოს მომავალი თაობების აღზრდაში, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას ქართული მართლმადიდებლური, ჰუმანური და ტოლერანტული - ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვით.