ამერიკელ რეპვარსკვლავ თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებისთვის დუეინ „კეფი დი“ დევისს ამის შესახებ CNN წერს.
63 წლის დევისი ლას-ვეგასის სასამართლომ აგვისტოში პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის ორი თანმიმდევრული ვადა - თითოეული 20 წლიდან უვადო პატიმრობამდე - მიესაჯა. დევისმა განაცხადა, რომ განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
მოსამართლე კარლი კირნიმ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ დევისმა შაკურს სიცოცხლე და მომავალი წაართვა და პასუხისმგებლობას ვერ გაექცეოდა. „მსოფლიოს არ დავიწყებია ის და მისი სიკვდილი. ლას-ვეგასსაც არ დავიწყებია“, - განაცხადა მოსამართლემ.
შაკური 1996 წლის 7 სექტემბერს, ლას-ვეგასში, მანქანით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რეპერი ექვსი დღის შემდეგ, 25 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მოტივი იმავე საღამოს MGM Grand-ის კაზინოში მომხდარი დაპირისპირება იყო. შაკურის გარემოცვის წევრებმა დევისის ძმისშვილს, ორლანდო ანდერსონს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროკურატურის მტკიცებით, დევისმა შურისძიების მიზნით თავდასხმა დაგეგმა და თანამზრახველებს იარაღი გადასცა.
დევისი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთადერთი პირია, რომელიც დღემდე ცოცხალია. გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მისი საჯარო განცხადებები და 2019 წელს გამოცემული მემუარები გახდა, რომლებშიც ის მკვლელობის ღამეს ავტომობილში ყოფნასა და მომხდარში საკუთარ მონაწილეობაზე საუბრობდა. თავად დევისს არ უღიარებია, რომ სასიკვდილო გასროლა მან განახორციელა; გამოძიებას მსროლელის ვინაობა საბოლოოდ დადგენილი არ აქვს.
დუეინ „კეფი დი“ დევისი 2023 წლის 29 სექტემბერს დააკავეს, თუფაქ შაკურის მკვლელობიდან 27 წლის შემდეგ. ის ლას-ვეგასის პოლიციამ ჰენდერსონში, საკუთარ სახლთან აიყვანა.
სასამართლო პროცესზე შაკურის დამ, სეკივა შაკურმა, განაცხადა, რომ ძმის მკვლელობამ მისი ოჯახი ემოციურად გაანადგურა. მან მოსამართლეს დევისისთვის მაქსიმალური სასჯელის შეფარდებისკენ მოუწოდა.
თუფაქ შაკური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემსრულებლად მიიჩნევა. მისი მკვლელობა ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ გაუხსნელ დანაშაულად რჩებოდა.