დღეს, 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საჯაროდ დასახელდება კურატორის ვინაობა, რომელიც 2013 წელს, ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველოს წარადგენს.
კონკურსი საკურატორო წინადადებაზე (კონცეფციის სახით) ქართული პავილიონის წარსადგენად ვენეციის 55-ე ბიენალეზე კულტურის სამინისტრომ 2012 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა, სულ შევიდა 17 საკურატორო წინადადება. კომისიამ ორდღიანი განხილვის შედეგად (11-12 დეკემბერი) გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
წლევანდელი ბიენალეს თემაა "ცოდნის ტაძარი". ფორუმი გაიხსნება ვენეციაში 2013 წლის 1-ელ ივნისს.
კომისიის შემადგენლობა: 1. მარინე მიზანდარი - კომისიის თავმჯდომარე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; 2. ლალი პერტენავა - ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის კოორდინატორი, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"; 3. ხათუნა ხაბულიანი - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიის ლექტორი, კურატორი, არტკრიტიკოსი; 4. ანა რიაბოშენკო - არასამთავრობო ორგანიზაცია "TRAM"-ის დამფუძნებელი; 5. ლაშა ბაქრაძე - საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი; 6. ლიკა მამაცაშვილი - კურატორი, თბილისის ისტორიის მუზეუმი "ქარვასლა".