იაპონიის მომავალმა პრემიერმა, ჟურნალისტებთან გამოსვლისას, აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტად, ბარაკ ობამას ნაცვლად ჯორჯ ბუში მოიხსენია. პრემიერი მედიას ამერიკის პირველ პირთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წარუდგა და განუცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი" ავრცელებს.
2006-07 წლებში მომავალ პრემიერ აბეს უკვე ეკავა იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი და ამ პერიოდში ხშირად ეკონტაქტებოდა აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს. როგორც ჩანს, შეცდომაც ამით იყო განპირობებული - წერს პრესა. აბემ ამ შემთხვევაში დაშვებული შეცდომა სწრაფად, ღიმილით გამოასწორა.
ათწუთიან საუბარში მხარეებმა იანვრის დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების საკითხს, ამერიკული საზღვაო ქვეითთა ბაზის ფუტემადან გადატანას და სხვა სტრატეგიულ საკითხებს შეეხება. სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.