დღეს, 18 დეკემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართული მხარე რეგიონში არსებული მიმდინარე პრობლემების გარდა, 2 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის განხილვის საკითხსაც დააყენებს, - განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა გააკეთა.
"აუცილებლად დავაყენებთ იმ ინციდენტის საკითხს, რომელიც 2 დეკემბერს მოხდა. მაშინ ჩვენი სამარშრუტო ტაქსის მიმართულებით ოსური მხრიდან ცეცხლი გაიხსნა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს, იმიტომ, რომ ისინი უარყოფენ ამ ფაქტის არსებობას და რაღაც პროვოკაციის მოწყობას გვაბრალებენ. თუმცა ჩვენ ფაქტები გვაქვს ხელთ, არსებობს დოკუმენტები, ვიდეომასალა, რასაც წარვადგენთ",_ აცხადებს სუჯაშვილი და აღნიშნავს, რომ ამას გარდა, შეხვედრაზე განხილული იქნება კონფლიტის ზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები.
სუჯაშვილის განცხადებით, როგორც ქართული, ისე ოსური მხარე მუშაობს დაკავებულების გაცვლის საკითხზე.
"ჩვენც და ოსური მხარეც ვმუშაობთ დაკავებულების გაცვლის საკითხზე, თუმცა ამ დროისთვის ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკების საგანია. ოსური მხრიდან რაღაც პოზიტივი უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგას", _ აცხადებს სუჯაშვილი და ოსური მხარის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, იმის შესახებ, რომ ქართულ მხარეს ციხეებში "შეთითხნილი ბრალდებებით" ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ჰყავს, აღნიშნავს: "ჩვენი პოლიცილები საკმაოდ კომპეტენტურნი არიან, ასე რომ, როგორც ისინი ამბობენ, არაკომპეტენტურად და შეთითხნილი ბრალდებებით არავის დაიჭერდნენ. იქ არის სისხლის სამართლის მუხლები და სისხლის სამართლის საქმე და არაფერი შეთითხნილი იქ არ არის".
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე ოსური მხარე საქართველოს ციხეებში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საკითხს დააყენებს. "მარიკ დუდაევი, გიორგი ზასეევი, გიორგი ვალიევი და სოსლან კოჩიევი საქართველოს ციხეებში იმყოფებიან. ეს ჩვენი მოქალაქეები, რომელთა წინააღმდეგაც ბრალდებები შეთითხნილია. თან სამ მათგანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი", _აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი.