ხვალ, 18 დეკემბერს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ოსური მხარე საქართველოს ციხეებში მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საკითხს დააყენებს.
"მარიკ დუდაევი, გიორგი ზასეევი, გიორგი ვალიევი და სოსლან კოჩიევი საქართველოს ციხეებში იმყოფებიან. ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა წინააღმდეგაც ბრალდებები შეთითხნილია. თან სამ მათგანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი", _ განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, ამას გარდა, ოსური მხრიდან შეხვედრაზე დაყენებული იქნება საკითხი უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ. ასევე განიხილება ე.წ. სახელმწიფო საზღვართან შექმნილი მდგომარეობა.