"ქართველებმა უნდა შეიგნონ, რომ მოვიდა დრო ახალი პოლიტიკური რეალობების აღიარებისა და ისიც, რომ ძველმა მიდგომებმა ჩვენი ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა", _ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ჟენევის მოლაპარაკებების 22-ე რაუნდის შედეგების კომენტირებისას.
ქართულ დელეგაციაზე საუბრისას ჩიკირბა აცხადებს, რომ მათი რეაქცია რუსეთის წინადადებაზე "უკიდურესად ემოციური და ნეგატიური იყო".
"უკიდურესად ნეგატიურად და ემოციურად მოახდინეს რეაქცია ქართველმა წარმომადგენლებმა რუსული მხარის მიერ წარმოდგენლ პროექტზე რომელიც მოლაპარაკებების მონაწილე ყველა მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეხებოდა", _ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ ყოველივე ამან ჟენევის მოლაპარაკებათა 22-ე რაუნდის ფაქტობრივად დროზე ადრე შეწყვეტა გამოივია და "დღის წესრიგში შეტანილი მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განხილვის გარეშე დარჩა".
ჩიკირბა ასევე აცხადებს, რომ იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობა დამყარდეს საჭიროა უარი ითქვას "ტერიტორიული მთლიანობის" მსგავს "მოძველებულ მიდგომებზე" - წინააღმდეგ შემთხვევაში, არავითარი პრობლემა არ გადაწყდება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 23-ე რაუნდი 2013 წლის მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.