,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განუცხადა. გახელაძის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებმა განცხადება 20 დეკემბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
"ევროპის მაუწყებელთა კავშირის და "საზოგადობრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს მიერ ერთობლივად დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის შესრულების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილმა ხარვეზებმა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გამოიწვია მართვის კრიზისი. ამის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭომ დააკმაყოფილა გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - განაცხადა გახელაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამეურვეო საბჭომ ტელევიზიის ახალი დირექტორი ერთი თვის ვადაში უნდა დაამტკიცოს. დირექტორობის კანდიდატები თანამდებობის დასაკვებლად სხვადასხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. გახელაძის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნები მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და პრესის საშუალებით გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. სამეურვეო საბჭომ გიორგი ჭანტურიას განცხადება ხმათა უმრავლესობით დააკმაყოფილა. ხელმძღვანელის მოვალეობას ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს.