ნატო-ს პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა. განცხადება ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინისა და ნატო-ს შემდგომ დაახლოებაზე გადაწყვეტილება თავად უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს.
"ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში არ შეცვლილა. ალიანსი კვლავ დაეხმარება უკრაინას რეფორმების გატარებაში და ითანამშრომლებს მასთან ევროპის უსაფთხოების საკითხებში", - განაცხადა აპატურაიმ.
ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომენტარი საქართველოზეც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, ნატო კვლავ გააგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.