თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში 2012 წლის 11 დეკემბერს გადაცემა "კვირის არგუმენტებში" შპს სტუდია მაესტროს წარმომადგენლის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას მცდარს უწოდებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" სარჩელს მოპასუხეების შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორების მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ზემოხსენებულ სატელევიზიო გადაცემაში შპს სტუდია მაესტროს პარტნიორების ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ სასამართლო საქმის განხილვის გაჭიანურებაში დაადანაშაულა", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების შპს სტუდია მაესტროს პარტნიორების ქონებას, კერძოდ, მათ წილებს შპს "სტუდია მაესტროში". აღნიშნული განჩინება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება,არ გულისხმობს თავად შპს "სტუდია მაესტროსთვის" რაიმე ფორმით ქონების განკარგვის აკრძალვას ან სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას. ყადაღა მხოლოდ პარტნიორებს უზღუდავს შპს "სტუდია მაესტროში" მათი კუთვნილი წილების გასხვისებას.
"ცნობისათვის: 2012 წლის 19 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა დიმიტრი გაბუნიამ და მოითხოვა მოსარჩელისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით, 500 000 ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დავალება, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, განცხადების დაუსაბუთებლობის გამო. კერძოდ, წარმოდგენილ განცხადებაში კონკრეტული გარემოებების მითითებით, არ იყო დასაბუთებული გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზიანი, ასევე არ იყო განმარტებული, თუ როგორ იქნა გამოთვლილი იმ თანხის ოდენობა, რომლის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოსარჩელეს უნდა დავალებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მოპასუხე მხარის განცხადება დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული", - აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება თავად საქმის განხილვის მიმდინარეობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვა რამდენიმეჯერ გადაიდო უშუალოდ მხარეთა შუამდგომლობების საფუძველზე. მომდევნო სასამართლო სხდომა დანიშნულია 2012 წლის 20 დეკემბერს, 15:00 საათზე.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას საქმის განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ არასწორი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, მით უფრო, მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება", - აღნიშნულია განცხადებაში.