საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების განცხადებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ეუთოსა და ევროსაბჭოს ვალდებულებათა უმეტესობა დაცული იყო.
განცხადება ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა გააკეთეს.
"ხმის მიცემის პროცედურა დემოკრატიის განსაცვიფრებელი გამოვლინება იყო. ახლა დადგა დრო იმისა, რომ უკრაინელმა ლიდერებმა მოისმინონ საკუთარი ხალხის არჩევანი და ყველაფერი გააკეთონ ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტრუქციულად გადაბარებისთვის", - განაცხადა უკრაინაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ჟოაო სოარეშმა.
ამასთან ერთად, მან ისიც დასძინა, რომ "ეს არჩევნები იყო კარგი და ძალიან კარგი".
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის არსენ აგოვის შეფასებით კი, პესიმისტური სცენარები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა, არ გამართლდა.
"უკრაინამ უკვე შექმნა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოდელი და უკრაინელმა ხალხმა უნდა იამაყოს თავისი მიღწევებით, რადგან პროცესი შეუქცევადია", - დასძინა აგოვმა.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ კოვალმა კი ყურადღება ამომრჩეველთა აქტიურობაზე გაამახვილა.
"ეს მოწმობს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები უნდა შეესაბამებოდნენ ხალხის ნდობის დიდ მაჩვენებელს. ეს უკრაინისთვის კარგი სიახლეა. ევროპაში უკრაინისთვის კარი ღიაა და აქ ჩატარებული მშვიდი და სამართლიანი არჩევნები ევროპის საზოგადოებრივი აზრისთვის კარგი სიგნალია", - განაცხადა აგოვმა.
თავის მხრივ, უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ჰაიდი ტალიავინმაც დააფიქსირა და კოლეგების საერთო შეფასებას დაეთანხმა.
"არჩევნები მართლაც კარგად ორგანიზებული და კონკურენტული იყო და როგორც პირველი, ისე მეორე ტური ეუთოს ვალდებულებათა უმრავლესობას შეესაბამებოდა", - განაცხადა ტალიავინმა და იქვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე საბოლოო დასკვნას "ღრმა ანალიზის" შემდეგ დადებს.