სირიიდან აფხაზეთში "დაბრუნებულ" რეპატრიანტებს მატერიალურ დახმარებას გაუწევენ. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა.
მან "რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტს" დაავალა, ყოველთვიურად სირიიდან "დაბრუნებულ" ადამიანებს - ზრდასრულებს 10 000 რუსული რუბლი, ხოლო არასრულწლოვნებს 3 000 რუსული რუბლი - გადაუხადოს. ამასთან, ანქვაბის თქმით, ე.წ. რეპატრიანტებს მატერიალურ დახმარებას იმ დროდან დაურიცხავენ, როდიდანაც ისინი აფხაზეთში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მხარის მონაცემით, აფხაზეთში "უკვე 103 სირიელი აფხაზია დაბრუნებული". სეპარატისტებმა, რუსეთის ხელშეწყობით ე.წ. სირიელ აფხაზთა ე.წ. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყეს.
სეპარატისტთა მონაცემებით, სირიაში 8-იდან 10 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს.