18 ნოემბრამდე მდინარე "ფსოუზე" მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის სამხრეთის საზღვრის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ანტიდივერსიული სამხედრო სწავლება "სოჭი 2012" დაიწყო. სწავლება ასევე კოდორის ხეობაში იმართება.
სწავლებაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებრივი კავშირის ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს. სწავლების მიზანი, სხვა სამართალდამცავებთან ერთად, ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის აღკვეთა და სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს რუსეტის ფედედერაციის სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ღონისძიებაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა გარდა მონაწილეობას მიიღებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და აფხაზეთში არსებული ფედერალური უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, ავიაცია, ასევე სხვა ძალოვანი სტრუქტურები.
"რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე რუს მესაზღვრეთა ყველაზე მასშტაბური სამხედრ სწავლება დაიწყო. სწავლება სახელნწიფო საზღვარზე დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის აღკვეთას ისახავს მიზნად", _ აცხადებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, რუსი მესაზღვრეები საზღვარზე ავტომობილების ბლოკირებას მოახდენენ და ავტომობილებით იარაღია გადატანას აღკვეთენ. ამასთან ერთად, მათ ასევე უნდა აღკვეთონ სანაპიროზე დამრღვევთა ჯგუფის გადასხმა, როგორც წყლის ზედა ასევე წყალქვეშა მდგომარეობოდან. მას ასევე უნდა მოახდინონ აეროპორტის საერთაშორისო სექტორში ფეთქებადსაშიში მდგომარეობის ლოკალიზება.
თავის მხრივ, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები აფხაზეთის ე.წ. ძალოვან სტრუქტურებთან ერთად კოდორის ხეობაში მოახდენენ შეიარაღებული დაჯგუფების ბლოკირება-განადგურებას.