სოხუმში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილე რუსული დელეგაციის წევრები ჩავიდნენ და სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები განიხილეს.
"2008 წლის მერე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეუცვალა და არსებული ფორმატი არ იძლევა საშუალებას იურუდიულად სავალდებულო დოკუმენტი გავაფორმოთ. მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო შეიცვალოს ფორმატი და მისი დონე დელეგაციების დონემდე ამაღლდეს. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემდა მოლაპარაკებებისათვის ახალი იმპულსი მიგვეცა", _ აცხადებს ჩირიკბა და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ჟენევაში ქართული დელეგაციის შემადგებლობა შეიცვლება "რამდენადაც ვხვდებით, აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობას, ისეთივე მიდგომები აქვს, რომლებიც ძველი ადმინისტრაციისათვის იყო დამახასიათებელი".
"ასე რომ დიდი მოლოდინები საქართველოს პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟენევაში ჩვენ არ გვაქვს",_ აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა.
რუსული დელეგაციის წევრი ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი დვინიანინი აცხადებს, რომ რუსული დელეგაციის პოზიცია მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით სავსებით შეესაბამება აფხაზური მხარის პოზიციას.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წევრები არიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარე გრიგორი კარასინი, საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი დვინიანინი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მრჩეველი მარატ კულახმეტოვი და ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების საკიტხებში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანატოლი ვიქტოროვი.