ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღმა კვლავ გადაიწია. ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების თბილისში ჩამოყვანას 15 თებერვლისთვის ვარაუდობს.
როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ფილიპინებში დღეს სამინისტროს ორი თანამშრომელი გაემგზავრება.
"სამწუხაროდ, ბიუროკრატიული პროცედურების მოგვარება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. 10-11 თებერვლისთვის ველოდებით ფილიპინური მხრისგან ოფიციალურ დოკუმენტს, რის საფუძველზეც მეზღვაურების გათავისუფლება მოხდება. იმედია, მათი სამშობლოში ჩამოყვანა 15 თებერვლამდე მოხდება", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.