"არასოდეს მითქვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პასპორტები უნდა ვაღიაროთ", - განაცხადა დღეს თბილისში მოწყობილ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ნაწილებზე მცხოვრები ადამიანების ხელთ არსებული დოკუმენტები საქართველომ ცნოს, როგორც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
ზაქარეიშვილის თქმით, ზმნებს - "ცნობასა" და "აღიარებaს" - შორის განსხვავება დიდია.
"ცალსახად გეუბნებით: არსად მითქვამს, რომ ვაღიარებ ან მოვუწოდებ, რომ ვაღიარო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პასპორტები, როგორც საერთაშორისო დოკუმენტი, რათა მათ იმოგზაურონ საზღვარგარეთ", - აცხადებს ზაქარეიშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოსებისა და აფხაზების ხელთ არსებული დოკუმენტი, რომელსაც ისინი პასპორტს უწოდებენ, უკანონო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტია და ეს "არაფერი არ არის".
"მე მიმაჩნია, რომ აფხაზებისა და ოსების ხელთ არსებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რამე, რაც აქვთ, პასპორტები, ასე ეძახიან ისინი მათ - ეს არის უკანონო პასპორტები, ეს თქვენ აღიარეთ რომ "პასპორტია", მე არ ვაღიარებ, რომ პასპორტია - ეს არაფერი არაა. მე შემიძლია გამოგიწეროთ და ქაღალდზე დაგიწეროთ "აფხაზეთის პასპორტი" და ხელში გადმოგცეთ. პასპორტი იქნება? უკანონოა ეს პასპორტი. ეს არის უკანონო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები. შეიძლება დაარქვან "პასპორტი" - შეიძლება რაც უნდა ის დაარქვან. ეს არ შეესაბამება არც საერთაშორისო სამართალს და არც საქართველოს კანონმდებლობას", _ აცხადებს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ამგვარი დოკუმენტების აღიარება საქართველოში შიდა გადაადგილებისთვის მოხდეს.
"არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ საქართველოში შიდა გადაადგილებისთვის მოხდეს მათი ცნობა. შესაბამისად, მე ვამბობ - მათ ხელთ არსებული ამ ტიპის დოკუმენტები შეიძლება ვცნოთ და არა ვაღიაროთ - ქართული ენა ამ სიტყვებს გამოყოფს, ეს არის ორი დამოუკიდებელი ზმნა - "ცნობა" და "აღიარება" და ვცნოთ, როგორც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოვემსახუროთ მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ეს მე მითქვამს და ვიმეორებ, მაგრამ არასოდეს მითქვამს, რომ ვაღიაროთ პასპორტებად. განსხვავება დიდია", - აცხადებს ზაქარეიშვილი.