ხვალ, 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია: "თბილისი-სოხუმი-მოსკოვის რკინიგზის ხაზის აღდგენა".
ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დანიშნული ცნობილი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იმედს იძლევა, რომ დაიწყება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, აფხაზეთის დეიზოლაციის სტრატეგიის ფარგლებში არ არის გამორიცხული საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც უკვე 20 წელია არ მოქმედებს. ამას გარდა, მინისტრის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უნდა იყოს აფხაზური და ოსური დოკუმენტები და ისინი უნდა გაუთანაბდნენ საქართველოს პირადობის მოწმობას, რათა მათი მფლობელები სარგებლობდნენ ყველა იმ უფლებით, რომლებიც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. ზაქარეიშვილის მოსაზრებები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ექსპერტებს როგორც ოპოზიციიდან, ასევე მათ, ვინც დღეს "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.
რამდენად რეალურია რეინტეგრაციის ახალი მინისტრის ინიციატივები? როგორ გავლენას მოახდენს რკინიგზის გახსნა რეგიონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე? რა სამართლებრივი სტატუსი ექნება რკინიგზას, როგორ განხორციელდება სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი? შესაძლებელია თუ არა მსო ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში? რა რეაქცია ექნებათ ზაქარეიშვილის ინიციატივაზე საქართველოს უახლოეს მეზობლებს - სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს? რკინიგზის გახსნის შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული სამხედრო ტვირთების გატარების აკრძალვის მოხსნას? - ამ და სხვა კითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს ზაქარეიშვილი.
პრესკონფერენციაზე შესაძლებელი იქნება სხვა თემების განხილვაც: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, მთავრობის პროექტები რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით და ა.შ..