უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იური ლუცენკო მისი ციხეში ჩასმის პროგნოზს აკეთებს იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩი გაიმარჯვებს.
"ვიცი, რომ "იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში" პირველი ნახევარი წლის განმავლობაში მე მელოდება "რეგიონების პარტიის" მთელი შემადგენლობის მასიური დარტყმა, სადაც საკმაოდ ბევრი მტერი შევიძინე. ისინი არ მალავენ, რომ ძილისას მე ციხეში მხედავენ", - განაცხადა ლუცენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოვლენების ასეთი სახით განვითარების შემთხვევაში, ის მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩება.
"მე არასდროს დამირღვევია კანონი", - განმარტა მან და აქვე დასძინა, რომ "მზად არის ყველაფრისთვის და მისი წინამორბედი ექს-მინისტრების ნიკოლაი ბილოკონიას და ვასილი ცუშკოსგან განსხვავებით ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს".
ლუცენკოს განმარტებითვე, არჩევნებში იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში ის პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს, ხოლო ტიმოშენკოს გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი კვლავ გამოხატავს სურვილს, დარჩეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს ლუცენკო უმაღლესმა რადამ შს მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. იმავე დღეს მინისტრთა კაბინეტმა მას მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა და მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა.