ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრად გახდომა 21 წლიდან ასაკის მოქალაქეს შეუძლია.
ამასთან, როგორც საარჩევნო კანონმდებლობაშია გაწერილი, საკრებულოს წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია.
აღნიშნული კოდექსის თანახმად, არჩევნებში მონაწილე კანდიდატი იმავდროულად სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრიც არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ამომრჩევლებს, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ არჩევნების ჩატარების დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნაოსნობაში იმყოფებიან. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში ისინი სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. მას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.