სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში კარანტინია გამოცხადებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის ვეტერინარიის სამსახურის უფროსმა ჰამლეტ ღლიღვაშვილმა განუცხადა, სპეციალისტები მაწანწალა ძაღლებს ხოცავენ და დაკლული საქონლის ხორცზე კონტროლია გამკაცრებული.
ვეტერინარიის სამსახურის ინფორმაციით, კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საქონელს ცოფი აღმოაჩნდა. „გივი მჭედლიშვილის ფერმაში ძროხას ცოფი დაუდგინდა. რადგან ფერმა ტყესთან ახლოს არის, ვვარაუდობთ რომ საქონელი ტურამ დაკბინა. გარდა ამისა, რამდენიმე შემთხვევა მოხდა, როცა ტურებმა ადამიანებიც დაკბინეს", - განაცხადა ღლიღვაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის თქმით, ტურების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები დაფიქსირდა სოფლებში საქობოსა და მაღაროში. დაზარალებულების მდგომარეობა სტაბილურია.