კახეთის მუნიციპალიტეტებში ჩიყვით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა. სპეციალისტები ამის მიზეზად სასმელ წყალსა და საკვებში იოდის ნაკლებობას ასახელებენ.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს მარტო თელავის რაიონში ჩიყვის 3870 შემთხვევა გამოვლინდა. 2009 წელს კი თელავის რაიონში ჩიყვით დაავადებულთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ზუსტი მონაცემები ენდოკრინოლოგიურ დისპანსერს ჯერ-ჯერობით არ აქვს.
„კახეთი ენდემურ ზონად ითვლება. ნიადაგში იოდის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ამ ელემენტით მდიდარი საკვები მივიღოთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა შუქია გიორგელაშვილმა.
ჩიყვით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა 2010 წლის იანვარშიც. გურჯაანის პოლკლინიკის ექიმი - ენდოკრინოლოგის ეკა ბერუკაშვილის განცხადებით, ეს იმან განაპირობა, რომ ჩიყვის დასადგენად ექიმთან ვიზიტი უფასოა.