მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ბათუმის მერიას "საეჭვო ღირებულების პროექტების და ესკიზების დასამზადებლად საზღვარგარეთ უზარმაზარი თანხის გადარიცხვაში" ადანაშაულებს.
როგორც ნოღაიდელის პარტიის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ჯუმბერ კობალაძე აცხადებს, თანხა, ძირითადად, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში ირიცხება და თან შესაბამისი ოპერაციები არა ტენდერის, არამედ ერთ პირთან მოალაპარაკების საფუძველზე ხორციელდება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯუმბერ კობალაძემ არაერთი ასეთი ფაქტი დაასახელა.
მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს ბათუმის მერიას, საზღვარგარეთ უზარმაზარი თანხების გადარიცხვის ნაცვლად, საქმეში ადგილობრივი კადრები ჩართოს და პროექტები მათ შეუკვეთოს.
კობალაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი არქიტექტორები იმავე სამუშაოს კვალიფიციურად, თანაც მეათედ ფასებში შეასრულებენ
"ბათუმში არაერთი მაღალკვალიფიციური არქიტექტორი ცხოვრობს. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი არქიტექტორი ბათუმელი დავით კომახიძე იყო", _ აღნიშნა კობალაძემ პრესკონფერენციაზე.