. "საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ, რომელიც აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", _ აცხდებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურად ჯიოევი.
"საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის საქმეა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საქართველოსთან ჯერ კიდევ დაურეგულირებელი ურთიერთობები აქვს, შეუძლებელია საქართველოში მიმდინარე მოვლენები არ გვაინტერესებდეს", - აცხადებს ჯიოევი და აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები მოწმობს იმას, რომ ქართველი ხალხი დაიღალა "ბატონი სააკაშვილის" ხელისუფლებისგან.
"რაც შეეხება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობას, არაერგზის განგვიცხადებია, რომ საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ, რომელიც აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აიღებს პასუხისმგებლობას აგრესიაზე. მალე იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და ოსური მხარე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლების სათავეში, აპირებს დააყენოს საკითხი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ", - აცხადებს ჯიოევი.