"ჯერ ადრეა ისაუბრო საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბოლოო შედეგზე, იმის გათვალისწინებით, რომ საააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია", _ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აშშ იძულებულია რუსეთის ინტერესები გაითვალისწინოს მის ახლო საზღვარგარეთში. საქართველო კი ზუსტად შედის ამ ახლო საზღვარგარეთში",_ აცხადებს ლაკობა და აფხაზური მედიის ინფორმაციით, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ "საქართველოს მიერ დაწყებული ომები მაშინ იწყებოდა, როდესაც აშშ-ში ხელისუფლებაში რესპუბლიკელები იმყოფებოდნენ. 1992-1993 წწ ომი მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-ს ხელისუფლების სათავეში ჯორჯ ბუშ-უფროსი იმყოფებოდა. მეორე ომი 2008 წელს ომი ბუშ-უმცროსის დროს დაიწყო. ხოლო დემოკრატების მმართველობის, კლინტონისა და ობამას დროს აფხაზეთზე ზეწოლა ოდნავ შემცირდა".
"აი ამიტომ ბევრი რამ გადაწყდება 2012 წლის 6 ნოემბერს აშშ-ს არჩევნების დროს. სააკაშვილს იმედი აქვს რომ რესპუბლიკელები მოვლენ, ვინაიდან ის მათი პროექტია. ობამას გამარჯვება სააკაშვილის სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება. აი რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში კი მას უჩნდება შანსი იმისა და იმედი აქვს, რომ ამ რთული სიტუაციიდან შეძლებს გამოსვლას",- აცხადებს ლაკობა და აღნიშნავს, რომ ამიტომაც დღესდღეობით "ჯერ ადრეა ისაუბრო საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბოლოო შედეგზე, იმის გათვალისწინებით, რომ საააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და მას აქვს უფლება პარლამენტის დათხოვნისა და ყველანაირი პროვოკაციის მოწყობისა",_ აცხადებს ლაკობა.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე არ მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ რუსეთი "კისრიტეხით გავარდება საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ამავე დროს რუსეთი ყურადღებით გაადევნებს თვალს სიტუაციას აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს დიდ დახმარებას უწევს",_ აცხადებს სტანისლავ ლაკობა.