ის რაც კოდორის ხეობაში ხდება "უმსგავსოებაა", - ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ეშბამ განაცხადა. მისი თქმით, სოფელ წებელდაში უნდა გამკაცრდეს კონტროლი ხეობაში შესვლა გამოსვლაზე.
თათბირზე ანქვაბმა ძალოვანი სტრუქტურებისგან მოითხოვა ინფორმაცია თუ რა გზებით ხვდებიან ხეობაში ბრაკონიერები, მაშინ, როდესააც ჩვეულებრივ მოქალქეებს იქ შესვლის საშუალება არ აქვთ.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღშფოთება გამოთქვა ხეობაში ტურისტების ჩაყვანის ფაქტების გამო და შესაბამის სამსახურებს მოთხოვა ამ პროცესის შეწყვეტა.
ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს ხეობიდან ხე-ტყის გატანის პროცესი.
"ეკონომიკის თვალსაზრისით, თუ ამ პროცეს შევწყვეტთ, ის ვერავითარ ზიანს ვერ მოგვიტანს", - განაცხადა ანქვაბმა.
ტერიტორიისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას სახელმწიფო ეკოლოგიის სამსახურის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა რომან დბარმა აღნიშნა, რომ უწყება ამ პროექტს უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების მიზნით ქმნის.
"ის რაც ხდება ბზიფის ხეობაში, არ უნდა განმეორდეს კოდორში. ჩვენ შთამომავლობას უნდა შევუნახოთ ეს უნიკალური ტერიტორია", - განაცხადა ანქვაბმა და რომან დბარს იმ დოკუმენტების მომზადება დაავალა, რომლის საფუძველზეც ხეობას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება.
მან თათბირზე კიდევ ერთხელ დაავალა ძალოვან სტრუქტურებს გააძლიერონ საქმიანობა ხეობაში.