"ნარკომანია აფხაზეთში სახელმწიფოსთვის სულ უფრო და უფრო საშიშ მასშტაბებს იღებს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან ამ თემისადმი მიძღვნილ დღეს გამართულ თათბირზე.
ლაკობას თქმით, ნარკომანია აფხაზეთში სახელმწიფოსთვის სულ უფრო და უფრო საშიშ მასშტაბებს იღებს. იგი ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ ნარკომანებთან, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიან, კავშირს საქართველოს სპეცსამსახურები ამყარებენ.
"ქვეყნის უშიშროების საბჭომ ამას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს", _ განაცხადა ლაკობამ.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აფხაზეთში არ იციან, თუ მოსახლეობის რა პროცენტია ამა თუ იმ კუთხით თანამონაწილე ნარკომანიის პრობლემისა.
"არც ერთი სტრუქტურა ამის გამოკვლევით დაკავებული არ არის", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთმა ე.წ. სახელმწიფოებრივ დონეზე უარი თქვა მეტადონის პროგრამაზე და "მათ სხვა გზა იპოვეს".
"აფხაზურ ეთნოსს ბევრი საფრთხე ემუქრება, მაგრამ ნარკოტიკი ისეთი "იარაღია", რომელიც საფრთხის კუთხით სხვა იარაღს არ ჩამორჩება", _ განაცხადა ანქვამბა და ყველა ე.წ. სამინისტროსა და ე.წ. უწყებას ნარკომანიასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის შესახებ წინადადებების შემუშავება დაავალა.