კახეთში, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ალუბალი, ტყემალი, ალუჩა, ჯონჯოლი და ვაზი აყვავდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს აგრონომმა შოთა ბერიკელაშვილმა განუცხადა, დასეტყვილი ვენახები გლეხებმა ორჯერ მაინც უნდა შეწამლონ.
„დასეტყვილმა ვენახმა რომ ნამხრევი გამოიტანა, ორჯერ მაინც უნდა შეწამლონ, რომ ჭრაქით არ დაავადდეს. გარდა ამისა, დაბლა რქაზე კვირტები უნდა შევინარჩუნოთ. მთავარი არის რქა, რომელიც გაზაფხულზე უნდა დავაკავოთ და მოსავალი უნდა მოგვცეს. მწვანე მასა თუ ჭრაქმა დაღუპა, იძულებული იქნება რომ ის სამომავლო კვირტები განვითარდეს. შედეგად მომავალ წელს მოსავალს აღარ გამოიღებს", - აღნიშნა შოთა ბერიკელაშვილმა.
მისივე თქმით, შესაწამლად ბორდოს ნარევი და შაბიამნის ხსნარი უნდა გამოიყენონ.
„განსაკუთრებით საფერავს ასხია, ვიდრე რქაწითელს, მაგრამ ყურძენი ვერ მოიწევა, ზამთარი მოასწრებს. ატამი ძალიან მალალია და იშვიათ ხეს აქვს ყლორტი გამოტანილი, შეიძლება გახმეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ვაზისუბნის მკვიდრმა ალექსი სოლომნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა სტიქიამ 19 ივლისს კახეთი სტიქიური უბედურების ზონად აქცია. ათასამდე სახლს ქარიშხალმა სახურავი გადახადა. 40-მდე სოფელში მოსავალი მთლიანად განადგურდა.