რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილები, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია განთავსებული, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ წვრთნა "კავკაზ 2012"-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ წვრთნებში მონაწილეობას არც სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის სამხედროები მიიღებენ. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სწავლებების მონაწილეთა შემადგენლობაში არ ირიცხებიან რუსული სამხედრო ბაზების წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და სომხეთში არიან დისლოცირებულნი. მონაწილეთა შემადგენლობაში არც უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან ჩართულნი და თავად სწავლებები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაიმართება", _ აცხადებს გენერალი.
მისი თქმით, ამ სწავლებებში ჩართული იქნება 8 ათასამდე სამხედრო, დაახლოებით 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა, დაახლოებით 100 ერთეული საარტილერიო დანადგარი, 10 გემი და კატერი, ავიაცია კი დაახლოებით 80 ფრენას შეასრულებს.
სწავლება სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
"სწავლების მიზანია შემოწმდეს ჯარისა და იარაღის მრავალდონიანი მმართველობის სისტემის ეფექტურობა", _ აცხადებს პოსტნიკოვი.