„ყვარელს ძალიან დიდი საშიშროება ელის. უკანასკნელი ღვაცოფული მოვლენები მდინარე დურუჯის ხეობაში 1987 და 1999 წლებში დაფიქსირდა, ამ პროცესებს კი 12-13 წლიანი პერიოდულობა ახასიათებს. თუ სასწრაფოდ არ იქნა ზომები მიღებული, დიდი საშიშროებაა, რომ უბედურება დატრიალდეს," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა მერაბ მაქარაშვილმა.
„შავ კლდესთან" 150 მილიონი კუბომეტრი ნაშალი ქანებია დაგროვილი და ინტენსიური წვიმების დროს, შეიძლება ბეტონისებრ მასად იქცეს, წამოვიდეს და ყვარელს თავს დაატყდეს. ეს პროცესები იმდენად ძლიერია, რომ ასტონიანი ქვები მოაქვს. ე.წ „ყვარლის ქვა", რომელიც 224 ტონას იწონის 2 500 მეტრის მანძილზე ჩამოიტანა. წარმოიდგინეთ, ამ სიმძლავრის სტიქია ქალაქს რომ დატყდეს თავს, რამხელა უბედურება მოხდება" - აღნიშნა სპეციალისტმა.
მისივე თქმით, მდინარე დურუჯის დონე დღეს ყვარელთან შედარებით 8-10 მეტრით არის ამაღლებული. „მდინარიდან ყვარელი - თელავის ხიდამდე 10 მეტრი იყო სიმაღლე, დღეს 2 მეტრია, შეიძლება ნაკლებიც. დღეს დურუჯი ბევრად უფრო მაღლაა, ვიდრე ყვარელი. ახლა ყვარელს ფაქტიურად აღარაფერი იცავს. დამბა, რომელიც „საქწყალპროექტის" პროექტით გასული საუკუნის 50-იან წლებში აიგო, საექსპლუატაციო და კალაპოტის წმენდითი სამუშაოების შეწყვეტის გამო ღვარცოფული მასით ამოივსო და ქალაქის საფრთხისგან დამცავი ფუნქცია დაკარგა. იმ დამბამ რამდენიმე რთული პროცესი ააცილა თავიდან ყვარელს, მაგრამ ახლა ისევ არის რეალური საფრთხე", - აცხადებს მერაბ მაქარაშვილი.
ექსპერტი განმარტავს, რომ დურუჯის პრობლემის მოგვარება ე.წ გამჭოლი ნაგებობის აშენებით არის შესაძლებელი, რაც დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდება, მაგრამ მის განხორციელებაზე ხელისუფლება უარს აცხადებს.
„მე მაქვს გათვლილი, გაანგარიშებული და შედგენილი პროექტი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს დურუჯის პრობლემა. სათავე კვანძზე 300 მეტრის სიგრძეზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გამჭოლი ნაგებობა უნდა აშენდეს. ეს პროექტი რომ გაკეთდეს, 50 წელი ყვარლის აბსოლუტურ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. ქსელური პროცესი რომ დაიწყება და ნაშალი წამოვა, ეს დამბა აირეკლავს და ხეობისკენ გაუშვებს, ყვარელში აღარ შევარდება. ეს პროექტი ყველაზე იაფია, დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დაჯდება. ნაშალის გამოტანა გაცილებით ძვირია, თითოეული კუბომეტრის გატანა 5-7 ლარი ჯდება, იქიდან კი 10 მილიონი კუბომეტრი მაინც არის გამოსატანი", - აღნიშნა მერაბ მაქარაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში კი აღნიშნეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. მომდევნო ტრაგედია 1904 წელს დატრიალდა, მდინარემ ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. 1906 წელს, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ე.წ. „კაზარმას", რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთში სტიქიამ 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპა დიდძალი პირუტყვი, განადგურდა ვენახები და ბაღ - ბოსტნები.