თუშეთში, სოფელ ომალოში დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრების დროს ექსპედიციამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-VI საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ხანის ნივთები აღმოაჩინა.
„წვიმების შედეგად წყალმა მიწა ჩარეცხა და რამდენიმე სამაროვანი გამოჩნდა, რის გამოც დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. არქეოლოგიურ გათხრებს ერთი კვირის განმავლობაში ილიას უნივერსიტეტის კომპლექსური ექსპედიცია აწარმოებს. მათ მიერ ოთხი სამაროვანი გაიხსნა, სადაც მასშტაბურად აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ნივთები", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თუშეთის ეროვნული მუზეუმის ასისტენტმა, ეთნოგრაფმა ნუგზარ იდოიძემ.
მისივე თქმით, აღმოჩენილია რკინის საბრძოლო იარაღები: შუბის წვერი, მახვილები, რკინის ნაჯახები, ბრინჯაოს სამკაულები: სამაჯურები, საკიდებლები, დიადემები, რაზედაც სიმბოლოებია გამოსახული და სხვა სამეურნეო ნივთები. ამ ექსპონატების გარდა ასევე, აღმოჩენილია ბრინჯაოსაგან დამზადებული ცხვრის ფიგურები.
„ამ აღმოჩენის შემდეგ ვფიქრობთ, სერიოზული არქეოლოგიური გათხრები ვაწარმოოთ თუშეთში. ერთერთი საინტერესო აღმოჩენა არის დაფა, სადაც ორი მზეა გამოსახული. ეს სიკვდილ-სიცოცხლის სიმბოლოა. სამაროვნებში იკვეთება კრემაციის კვალიც. დაზვერვით არქეოლოგიურ გათხრებში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩეხი სტუდენტებიც, რომლებიც მესამე წელია სისტემატურად სტუმრობენ თუშეთს, ფონდ „კესელოსთან" თანამშრომლობის ფარგლებში. ჩეხი სტუდენტები პარალელურად მუშაობდნენ გაწმენდით სამუშაოებსა და ტურისტული მარშრუტების მარკირებაზე" ,- განაცხადა ნუგზარ იდოიძემ.