თელავის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარლებშიც ქალაქის რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმებოდა, შეფერხდა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრში" აცხადებენ. სარეაბილიტაციო სამუშაო 2008 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, პროექტის დასაფინანსებლად თანხები 2010 წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული.
"თელავის მასშტაბურ რეაბილიტაციაში ხელი რუსეთ-საქართველოს ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეგვიშალა. 2010 წელს პრიორიტეტული მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა. ამისათვის 32 000 000 ლარის დახარჯვას ვგეგმავთ. ამასთან, დასრულდება თელავის თეატრის და ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის სარეაბილიტაციო სამუშაო", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა.