29 იანვარს, 18:00 საათზე, წიგნის მაღაზია "პარნასში" (პუშკინის 10) შედგება არტ-პორტალ litsakhelebi.ge -ის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის, "ფოტოჰაიკუ~ გამარჯვებულთა დაჯილდოება. გარდა პორტალის მიერ დაწესებული ფულადი პრემიებისა, გამარჯვებულებს დააჯილდოებს მაღაზია "პარნასიც~ თავისი სასაჩუქრე ბარათებით.
კონკურსანტებს საიტზე წარმოდგენილი ფოტოსურათიდან მოგვრილი განწყობით უნდა დაეწერათ ჰაიკუ (იაპონური მინიმალისტური, კლასიკური სალექსო ფორმა, სამსტრიქონიანი და ჩვიდმეტმარცვლიანი, მარცვალთა შემდეგი გადანაწილებით: პირველ სტრიქონში 5, მომდევნოში 7 და ბოლო სტრიქონში ისევ ხუთი). თუმცა კონკურსის პირობები არ ითხოვდა კლასიკური იაპონური ჰაიკუს ლექსთწყობის ყველა წესის დაცვას. კონკრეტულად კი 17-მარცვლიანობას და მარცვლების გადანაწილების სიზუსტეს. საკმარისი იყო ფოტოგამოსახულებით ინსპირირებული სამსტრიქონიანი მინიმალისტური ტექსტი.
კონკურსზე შემოსული ნაწარმოებები ქულებით შეაფასეს საიტის მომხმარებლებმა და არტისტებით და ლიტერატორებით დაკომპლექტებულმა ხუთკაციანმა ჟიურიმ: ლევან ბრეგაძემ, დავით ჩიხლაძემ, შოთა იათაშვილმა, თემო ჯავახიშვილმა და შოთა გაგარინმა.
ფოტოჰაიკუს კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების დღესვე, ინტერაქტიულ რეჟიმში შექმნილი თემით და პირობებით, სტარტს აიღებს პორტალ litsakhelebi.ge -ის ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც ერთი თვის შემდეგ გამოვლინდებიან.
არტპორტალმა 2009 წლის დეკემბერში დაიწყო ინტერნეტკონკურსების უწყვეტი ციკლი. საკონკურსო ნაწარმოების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ. პრემიები და საპრემიო თანხა წესდება ყოველი კონკურსის კონკრეტული ჟანრიდან და თემატიკიდან გამომდინარე.
საკონკურსო ჟანრები გამოირჩევა სიმსუბუქით და ორიგინალურობით, რათა კონკურსში არა მხოლოდ პროფესიონალმა არტისტებმა, არამედ ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან პროფესიულად არცთუ ისე გადაკვეთილმა ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა. მთავარი კრიტერიუმი არის კრეატიულობა. ამგვარი ლიბერალური მიდგომით საიტი ცდილობს ხელოვნების პოპულარიზაციას და შემოქმედებით დაინტერესებულთა წრის გაზრდას.