საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ქართველს უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, მათ შორის ალექსანდრე ებრალიძესაც. თუმცა, მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გახდეს.
ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ებრალიძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, თუკი ებრალიძეს სურს, რომ საკუთარი კანდიდატურა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში დააყენოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან მას ამის უფლებას კანონი არ მისცემს.
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნაა ის, რომ კანდიდატს ბოლო ათი წელი საქართველოში უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები.
,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთს შეუერთდება, სჯობს ბნელი აზრები მოიშოროს, რადგან ეს გამორიცხულია, თუმცა პრეზიდენტი თუ ებრალიძეს მოქალაქეობას მისცემს ამით არაფერი დაშავდება, რადგან კიდევ კარგი, რომ ამხანაგი სერგო ორჯონიკიძე გარდაცვლილია, თორე სააკაშვილი მოქალაქეობას მასაც მისცემდა,~ - აცხადებს ცაგარეიშვილი.