"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, გურჯაანის გამგებელმა დავით მესხიშვილმა სოფელ ვაჩნაძეანში მცხოვრებ ირმა ელიზბარაშვილს დახმარებაზე უარი უთხრა. მარტოხელა დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად უკვე ორი ღამეა ქუჩაში, ღის ცის ქვეშ არის დარჩენილი.
„დღეს, გამგებელს გამგეობის ეზოში შევხვდი და ავუხსენი მდგომარეობა, რომ 2 შვილით გავათენე 2 ღამე ქუჩაში. მითხრა, ჩვენ მარტო სტიქიით დაზარალებულებს ვეხმარებით და სხვა სახსრები ამ ეტაპზე არ გვაქვსო. ერთი კვირით ადრეც შევხვდი ქუჩაში და ავუხსენი მდგომარეობა. მაშინ მითხრა, დამაცადე ეს ყველაფერი, ჩაიაროს ამ ამბავმა და მერე მოგაქცევ ყურადღებასო. იმის შემდეგ ვეცადე, რომ კიდევ შევხვედროდი. შევხვდი მოადგილეს და მან მითხრა, თქვენნაირი იმდენი გაჭირვებული მყავს, ყველას რომ დავეხმარო, რაც სოფელში სახლებია, არ ეყოფაო. 2 შვილით კიდევ მესამე ღამე უნდა გავათენო ქუჩაში. ქუჩაში მაქვს ბარგი, საწოლი, ავეჯი, ჩასაცმელები და ქუჩაში გვძინავს", - განუცხადა ირმა ელიზბარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უპასუხა, რომ „ჯერ არ დაღამებულა", მანამდე კი მარტოხელა დედას უთხრა: „სადაც გინდა იქ წადი და იჩივლე, არ მაინტერესებსო". დავით მესხიშვილი გამგებლად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, მანამდე ის პოლიციის აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
ირმა ელიზბარაშვილი ბოლო ერთი თვეა თავს მეზობლის სახლს აფარებდა. მეზობელმა 2 დღის წინ მას სახლის დაცლა მოსთხოვა. ვიდრე ირმა და მისი შვილები თავს მეზობლის სახლს შეაფარებდნენ, ისინი ირმას მამამთილის ქუჩუკი ელიზბარაშვილის სახელზე რიცხულ სახლში ცხოვრობდნენ, საიდანაც აღმასრულებლებმა გამოასახლეს.
ირმა ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მამამთილმა ქუჩუკი ელიზბარაშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2007 წელს შეიტანა. ქუჩუკი ელიზბარაშვილი მის საკუთრებაში არსებული სახლიდან რძლის გასახლებას ითხოვდა. მოსამართლე ლია ოთარაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გააუქმეს, იმ მოტივით, რომ ირმა ელიზბარაშვილის ადვოკატმა პროცესზე ექიმის მიერ წარადგინა არასწორად შევსებული სამედიცინო ცნობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოპასუხე ავად იყო, თუმცა არ ეწერა, რომ მას სასამართლო პროცესზე გამოცხადება არ შეეძლო.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირმა ელიზბარაშვილმა განუცხადა, სახლიდან მისი გასახლება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც მან ოჯახური ძალადობის ფაქტებზე პოლიციაში განაცხადა. „წლების განმავლობაში მცემდნენ, რაც მოხვდებოდათ ხელში, მირტყამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევის დროს გონება დავკარგე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადამიყვანა, სადაც ტვინის შერყევა დამიდგინეს. ამის შემდეგ პოლიციას მივმართე. მეტის ატანა აღარ შემეძლო. ბავშვებიც მუდმივად სტრესში იყვნენ. რადგან ხმა ამოვიღე, სახლიდან გაგდება გადაწყვიტეს და გამაგდეს კიდეც. მე სხვა თავშესაფარი არ მაქვს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მხოლოდ ჩემს გასახლებაზე იყო საუბარი, ჩემთან ერთად აღმასრულებელმა სახლიდან ბავშვებიც გამოყარა და ისინიც ქუჩაში დარჩნენ", - აღნიშნა ირმა ელიზბარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები