დღეს, 29 იანვარს, რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.
ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი 1860 წლის 29 იანვარს (ძველი სტილით 17 იანვარს) ტაგანროგში დაიბადა. 1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 წელს - მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა 70-80-იანი წლებში იუმორისტულ ჟურნალებში "სტრეკოზა", "ბუდილნიკი", "ზრიტელი", "ოსკოლკი". ჩეხოვის "მოხელის სიკვდილი", "ალბიონის ასული", "მსუქანი და გამხდარი", "ქამელეონი", "უნტერ პრიშიბევი" და სხვა (დაიბეჭდა 1883-1885) ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის კლასიკური ნოველებია. მისი მოთხრობების პირველი კრებულია "მელპომენეს ზღაპრები" (1884) და "ჭრელი მოთხრობები" (1886), რომელშიც უდიდესი გამომსახველობითი ძალით გადმოცემულია იმ დროის ატმოსფერო, იუმორი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით.
80-იანი წლების II ნახევარში ჩეხოვის რეალიზმი გაღრმავდა. მისი პირველი ვრცელი მოთხრობა "სტეპი" 1888 დაიბეჭდა რუსეთის სიმბოლო, სტეპი, ავტორს თავისი ქვეყნის ბედ-იღბალზე ფიქრს აღუძრავდა. წარმატება ხვდა წილად ჩეხოვის მომდევნო კრებულებს "მწუხრში" (1887, პუშკინის პრემია, 1888), "მოთხრობები" (1888), "პირქუში ადამიანები" (1890) და სხვა.
1890 წელს ჩეხოვმა იმოგზაურა კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. იქ მიღებული შთაბეჭდილებანი გადმოსცა წიგნში "კუნძული სახალინი" (1893-1894, ცალკე გამოიცა 1895, ქართული თარგმანი 1985), რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მოგზაურობის მძიმე პირობებში ჩეხოვს გაუმძაფრდა ტუბერკულოზი. 1890-1900 წლებში რამდენჯერმე იმოგზაურა საზღვარგარეთ. 1892 წელს მოსკოვის მახლობლად, სოფელ მელიხოვოში, შეიძინა მამული და იქვე დასახლდა. აქ დაუახლოვდა გლეხებს და ყოველნაირად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მელიხოვის პერიოდი (1892-1898) ჩეხოვის შემოქმედებაში უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქ დაწერა მოთხრობები: "პალატა N 6" (1892), "მეზონინიანი სახლი" (1896), "გლეხები" (1897); პიესები: "თოლია" (1896) და "ძია ვანია" (1896, გამოქვეყნდა 1897). "ლაპატა N 6" 80-90-იანი წლების რუსეთის ცხოვრების გენიალური განზოგადებაა, ეს არის მძაფრი პროტესტი იმდროინდელი მმართველობის თვითნებობისა და ძალადობის წინააღმდეგ.
1902 წელს, როცა ნიკოლოზ II-მ მაქსიმ გორკის საპატიო აკადემიკოსად არჩევა გააუქმა, ჩეხოვმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპატიო აკადემიკოსის წოდებაზე.
ინტელიგენციისა და ხალხის გათიშულობის, პიროვნების თავის ნაჭუჭში ჩაკეტჩის თემას ჩეხოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ( "კინკრიჟა", "სიყვარულის შესახებ", "კაცი ფუტლიარში", სამივე 1898). სოციალური განვითარების მწვერვალია მოთხრობა "კაცი ფუტლიარში". ჩეხოვმა დრამატურგიაში ადრევე დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისი საპროგრამო პიესა იყო "თოლია", რომელიც 1896 დაიდგა პეტერბურგის თეატრის სცენაზე. 1897 წელს დაიდგა "ძია ვანია", 1900-1901-ში _ "სამი და". ჩეხოვის ბოლო პიესაა "ალუბლის ბაღი" (1903-1904), რომელიც ძველი თაობის კრახს გვიხატავს.
ჩეხოვმა ახალი გზები დაუსახა დრამატურგიის განვითარებას; ტრაგიკულისა და კომიკურის ოსტატური შერწყმით წარმოგვიდინა ადამიანის სულის სიღრმისეული შრეები. ჩეხოვი რუსული ლიტერატურის საუკეთესო რეალისტური ტრადიციების გამაღრმავებელია. თავის მხრივ, მან დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსული, ისე მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე.
ჩეხოვმა საქართველოში პირველად 1888 წელს იმოგზაურა. საქართველლოში მოგზაურობამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მწერალზე. 1900 წელს მაქსიმ გორკისთან და მხატვარ ვ. ვასნეცოვთან ერთად კვლავ ჩამოვიდა თბილისში.
ჩეხოვი პოპულარული იყო საქართველოში. 90-იან წლებში ქართული ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები:"ივანოვი" და "დათვი" (1891), 1903 წელს გადმოითარგმნა პიესა "ძია ვანია", 1905 წელს _ "ალუბლის ბაღი".
ჩეხოვი 1904 წლის 2 (15) ივლისს გერმანიაში, ბადენვაილერში გარდაიცვალა.