პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რუმინეთისა და მოლდოვის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ქვეყნები გაერთიანების თაობაზე.
გვარამიას ჟურნალისტმა ჰკითხა: „ოფიციალურად დაიწყო რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების პროცესი. რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მიიღო. როგორ აფასებთ საკუთარი სუვერენიტეტის დათმობას?“
„ეგ არ ნიშნავს ოფიციალურად დაწყებას. ზოგადად, დიდი ხანია, ამაზე არის ლაპარაკი. ეს ერთი ერია საბჭოთა კავშირის დაარსების დროიდან გაყოფილი. მათი გადასაწყვეტია. ჩემთვის, საქართველოსთან მიმართებით ეს არაფერს ამბობს, საქართველო არის ერი, რომელსაც საზღვრის იქით არავითარი სახელმწიფოებრივი გაგრძელება არ აქვს. საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, მივუბრუნდეთ ისევ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხს. რუმინული და მოლდავური პრეცედენტები ამას არ უშველის. სამხრეთ ოსეთი არის საქართველო და რუმინელები და მოლდაველები რას იზამენ, ეს ჩვენი საქმე არაა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეკითხვაზე, რამდენად სწორია სუვერენიტეტის დათმობა და სხვა ქვეყანასთან გაერთიანება, გვარამიამ უპასუხა:
„ეს არის რუმინელი და მოლდაველი ხალხის გადასაწყვეტი. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის დათმობა არცერთ კომბინაციაში და არცერთ მოსაზრებაში არ მიიღება“.