"სახელმწიფო საზღვრის მოწყობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე. "საზღვარი დაცული იქნება ტექნიკური, ელექტრონული და დაკვირვების სხვა საშუალებებით, ასევე მოსაზღვრეებით", _ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ სეპარატისტებმა განსაზღვრეს რამდენიმე ადგილი საზღვრის გასწვრივ, სადაც მესაზღვრეები იდგებიან და საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსდება. "განსაკუთრებით ეს ქვედა ზონას ეხება", _ აღნიშნა ანქვაბმა.
მისივე თქმით, ასევე დაუშვებელია "გალის რაიონში მაცხოვრებელი იმ ადამიანების მიმართ ბიუროკრატიული და უსულგულო დამოკიდებულება, რომლებსაც ნათესავები საქართველოს მხარეს ჰყავთ და მათ მათთან ურთიერთობა სურთ".
"არ შეიძლება რომ მათ გადასვლას სახელმწიფო საზღვარზე სირთულეები ახლავდეს თან. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ გადასვლის მოწმობებს სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობები გასცემენ და ამისათვის ქალაქ გალში ჩასვლა საჭირო აღარ იქნება", _ განაცხადა ანქვაბმა.