ცხინვალის რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), პოდრიგ მერფი (ეუთო) და ანტი ტურუნენი (გაერო) ჟენევის მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრისას ბორის ჩოჩიევმა მადლობა გადაუხადა პოდრიგ მერფის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების საგანგებო შეხვედრის მოწვევაში ხელშეწყობისთვის, რომელიც სოფელ ზარდიანთკარში ქართული საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით ოს სეპარატისტთა მოთხოვნით გაიმართა.
"შედეგები, სამწუხაროდ, ჯერ არ არავითარი არ არის, მაგრამ თქვენ თქვენი მისია შეასრულეთ. ზარდიანთკარში კვლავ ისეთი სიტუაციაა, როგორიც იყო, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ საკითხზე", _ განაცხადა ჩოჩიევმა და აღნიშნა, რომ სეპარატისტთა შეშფოთებას საქართველოს მიერ მოსაზღვრე ტერიტორიებზე დამატებითი საგუშაგოს განთავსების გამო.
"გრძელდება უკანონო თვალთვალი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და ის კიდევ უფრო აქტიური გახდა ვიდრე ადრე იყო. შეუძლებელია ეს ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობას არ აღელდებდეს. ამას გარდა, ქართული მხარის მხრიდან აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ სიტიუაცია შეიძლება გართულდეს. ამის დასტური კი ზარდიანთკარში საგუშაგოს განთავსებაა", _ განაცხადა ჩოჩიევმა და თანათავმჯდომარეებს მოუთხრო, რომ 90-იან წლებში ზარდიანთკარში 40 ოსური და 12 ქართული ოჯახი ცხოვრობდა.
"გვესმის, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ევროკავშირის დამკვირვებელთა პოზიცია გვაღელვებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდნენ", _ განაცხადა ჩოჩიევმა და აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთოსურ მხარეს უფლება არ აქვს, უკარნახოს საქართველოს, თუ რა უნდა ქნას მან თავის ტერიტორიაზე.
ამას გარდა, ჩოჩიევის თქმით, თუ სოფელ ზარდიანთკარიდან ქართული საგუშაგოს გადანაცვლება არ მოხდა, მაშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისყუფლებამ იმ ადამიანებისთვის უნდა ეძებოს საცხოვრებელი, რომლებიც იქიდან წამოვიდნენ.