რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩირკინს არა თუ არ დაურღვევია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, არამედ მას ახლოსაც არ გაკარებია. ასე ეხმაურებიან ოსი სეპარატისტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალის გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩირკინის მიერ ცხინვალის რეგიონში საქართველს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით განხორციელებული ვიზიტის შესახებ.
"ოფიციალური თბილისისათვის ჯანსაღი აზრის იგნორირება ყოველთვის დამახასიათებელი იყო და საქართველოს მსგავსი გამონათქვამები არის მხოლოდ ტრადიციული თავდასხმა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე. საქართველოს დაჟინებით არ სურს თანამედროვე რეალობების აღიარება და ყოველმხრივ ცდილობს დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის რეაპუბლიკის არსებობის ნიველირება მოახდინოს ",_ ნათქვამია სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი მართლაც იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში სამუშაო ვიზიტით, ვინაიდან რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ორმხრივი ხელშეკრულებები მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს, მათ შორის ვიზიტებსაც და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის.
"რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩირკინს არა თუ არ დაურღვევია საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არამედ მას ახლოსაც არ გაკარებია.
სამხრთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთგზის განუცხადებია, რომ სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან", _ წერენ სეპარატისტები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 11 და 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სადაც „ინსპექტირების" მიზნით მოინახულა რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ბაზები და შეხვედრები გამართა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან.
"რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ინტენსიურ მილიტარიზაციას, იქ განლაგებული საოკუპაციო ძალების გადაიარაღებას უახლესი სამხედრო ტექნიკით, მათ შორის შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განლაგებას და დამრტყმელი სამხედრო დაჯგუფებების ფორმირებას. ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული 2008 წლის სცენარით მიმდინარე გამუდმებული სამხედრო წრთვნები როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე და 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილი სტრატეგიული სამხედრო სწავლებები „კავკასია-2012", რითაც რუსეთი უშუალო სამხედრო საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში", _ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.