რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი კვლავ სეპარატისტულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფება. ნურგალიევს თან ახლავს პუტინის თანაშემწე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური მიმართულების საკითხებში ტატიანა გილიკოვა.
ნურგალიევი და გოლიკოვა ცხინვალის რეიონში ორი დღის განმავლობაში დარჩებიან. ისინი იქ რუსეთის მიერ გამოყოფილი სახსრებით მშენებარე ობიექტების ინსპექტირებისთვის ჩავიდნენ.
რუსეთის დელეგაცია ოს სეპარატისტთა ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს, უკვე შეხვდა, რომელმაც რუსეთს დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
თავის მხრივ, მას გოლიკოვამ შეახსენა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს ხელმოწერილი ბრძანება უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობის კოორდინირებას მოახდენს.
"კომისიაში შესულია ყველა საკვანძო სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თქვენთან ადრე თანამშრომლობდნენ. ყველა გადაწყვეტილების კოორდინირებას კი მე და ნურგალიევი მოვახდენთ", _ განაცხადა გოლიკოვამ.