ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ "სამხრეთ ოსეთი მიიჩნევს, რომ მხოლოდ საქართველოს პოლიციური საგუშაგოს გადატანა ძველ ადგილას შეძლებს დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობა დაძაბულობის რეციდივებისაგან". ოსი სეპარატისტები ასევე აფრთხილებენ ქართულ მხარეს "უგუნური საქციელი არ ჩაიდინონ, რომლებსაც რეგიონში მდგომარეობის დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია", _ წერენ სეპარატისტები.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოსური მხარე შეშფოთებულია ქართული მხარის მისწრაფებით, ნებისმიერ ფასად მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უშუალო სიახლოვეს. სეპარატისტები კვლავ საქართველოს შს სამინისტროს მიერ ქართულ სოფელ ზარდიანთკარში საგუშაგოს განლაგებას აპროტესტებენ.
"საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდა, მისი ხელმძღვანელობის აგრესიული რიტორიკა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, გამუდმებული პროვოკაციები მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მეტყველებენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად მომართულია იმაზე, რომ შეგნებულად დაძაბონ ვითარება და მათ კვლავინდებურად აქვთ რევანშისტური გეგმები",_ ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამას გარდა სეპარატისტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ, ვინაიდან ტერიტორია სადაც ქართულმა მხარემ საგუშაგო განალაგა მათი პასუხისმგებლობის ზონაში იმყოფება, "მათ კი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დაცვა ევალება. საგუშაგო ევროკავშირის წარმომადგენელთა უხმო თანხმობით, სახელმწიფო საზღვრის ახლოს განალაგეს",_ ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც სეპარატისტები ასვეე აღნიშნავენ, რომ მათ საქართველოსათვის არაერთგზის მოუწოდებიათ ე.წ. საზღვრის ე.წ. დელიმიტაცია და ე.წ. დემარკაცია ჩაეტარებინათ, თუმცა "საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს ამ თანამშრომლობას".
მასალის გამოყენების პირობები