ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ სოფელ ზარდიანთკარის მოსახლეობის უმრავლესობა უახლოეს მომავალში თავისი საცხოვრებელი სახლების მიტოვებას აპირებს, იმ შემთვევაში, თუ საქართველოს შს სამინისტრო იქიდან საგუშაგოს არ მოაცილებს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. განცხადება ამის შესახებ თიბილოვმა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართული თათბირის დროს გააკეთა.
"საგუშაგო შაბათს დადგეს. ორი დღის განმავლობაში ის 30 სამხედროთი გააძლიერეს. ამ სოფლის მცხოვრებლები, ძირითადად, ოსი ეროვნების ადამიანები არიან და დაახლოებით რვა ოჯახმა ეს სოფელი უკვე მიატოვა. მათ ჩვენ მოგვმართეს დახმარებისთვის", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მან აღნიშნა, რომ გუშინ ზარდიანთკარგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ორი შესაძლო ვარიანტი განიხილებოდა.
"პირველი - ეს საგუშაგოს მოხსნაა, მეორე კი ამ საგუშაგოს ადრინდელ ადგილზე დაბრუნება. ქართული მხარე ამაზე არ წამოვიდა, იმ მიზეზით, რომ ადრე ამ სოფელში ქართველები ცხოვროვბდნენ, საქართველოს ხელისუფლება კი ამ ოჯახების ზარდიანთკარში დაბრუნებას აპირებს. ისინი ამტკიცებენ, რომ საგუშაგო უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარეა დაყენებული",_ განაცხადა თიბილოვმა და აღნიშნა, რომ საკითხი ღიად რჩება და უახლოეს დღეებში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კიდევ გაიმართება.
"იმ შემთხვევაში, თუ საგუშაგოს არ მოშლიან ან არ გადაიტანენ ადრინდელ ადგილზე, ის ოჯახები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს, იქიდან სამუდამოდ აპირებენ ასახლებას. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი დიპლომატია იმუშავებს და ამ სიტუაციიდან გამოვალთ", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა და აღნიშნა, რომ ქართული პოლიციის სოფელ ზარდიანთკარში გამოჩენის რეალური მიზეზი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე გზის კონტროლია.
ამავე დროს, ოსური მედია იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის მერაბ ჩიგოევის თქმით, ეს საგუშაგო ქართულმა მხარემ უკანონოდ განალაგა.