საოკუპაციო ზოლის პერიმეტრზე განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის რაიონში, სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნება დაიწყება. ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს, ზარდიაანთკარში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კომისიის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც 3 საათს გრძელდებოდა.
მისი თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნა სოფელთან სრულიად კანონიერია და უსაფრთხოების მიზნით, უცილებლობიდან გამომდინარეობდა.
"ზარდიაანთკარში იმ 100-მდე ადამიანის დაბრუნება იგეგმება, მათ შორის ქართველებისა და ოსების, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილობაში ცხოვრობენ", - განაცხადა უტიაშვილმა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჯგუფის საგანგებო შეხვედრა ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მოთხოვნით გაიმართა. ოსური მხარის წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი კი, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომების გატარებას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, როგორც სხდომის შემდეგ გაგლოითმა განაცხადა, საგუშაგოს გახსნა ნაჩქარევი იყო.
ზარდიაანთკარში გახსნილ საგუშაგოზე მსჯელობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება.