ოსი სეპარატისტები შეშფოთებას გამოთქვამენ ქართულ სოფელ ზარდიანთკარში ქართული პოლიციის საგუშაგოს ჩაყენების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულის მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართველოს შს სამინისტრომ ეს საგუშაგო ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს განალაგა, საზღვრის აქეთა მხარეს კი ოსური სოფელი ხელჩუაა განლაგებული.
ჯიოევი აცხადებს, რომ ადრე ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ზარდიანთკარის ქვემოთ მდებარეობდა, ქართული სოფელ მერეთის ახლოს.
"ზარდიანთკარში ოსი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, ისინი შეშინდნენ თავიანთი უსაფრთხოების გამო, მიატოვეს სოფელი და საკხრეთ ოსეთის ხელისუფლებას დახმარებისათვის მიმართეს.
სოფლის მოსახლეობა შეშფოთებულია ქართველი პოლიციელების მოქმედებებით, ვინაიდან მათ 1991-1992 წწ სახლები ერთხელ უკვე გადაუწვეს",_ განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, ოსმა სეპარატისტებმა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს უკვე მიმართეს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეკრება მოითხოვეს.
შეგახსნებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 22 ივნისს ერგნეთშია დაგეგმილი.