აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების ხელმძღვანელი ხანს იორგ ჰაბერი ხელმძღვანელობს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის აზრი აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე, უპირველეს ყოვლისა კი ევროკავშირის მისიაზე.
ანქვაბის თქმით, "საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა დიპლომატი და დელეგატი უკვე ითვალისწინებს იმას, რომ აფხაზეთი უკვე სხვა მდგომარეობაშია".
"აფხაზეთს სხვა დახმარება სჭირდება, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვუარყოფთ იმ მუშაობას, რომელსაც აქ სხვა და სხვა ორგანიზაციები ატარებენ. ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ეფექტური მუშაობის ეტაპი გავიდა და თუ ჩვენს მიმართ რაიმე სერიოზული სახის ცვლილება არ განხორციელდება ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ ამ შეხვედრებში", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.
ამას გარდა, ანქვაბი ასევე აცხადებს, რომ სეპარატისტებს სულაც არ სცალიათ იფიქრონ ისეთ პროგრამებზე, როგორებიც არის მაგალითაც "ჩართულობების პროგრამები" და "ნეიტრალური პასპორტები", რომლებიც "მოიფიქრეს საქართველოში და რომლებითაც თქვენ იძულებული ხართ აქეთ -იქით იქროლოთ", _ განაცხადა ანქვაბმა.
ამასთან ერთად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ -სახელმწიფოებში შესვლის ნებას არ აძლევენ, უარს ეუბნებიან მათ სამედიცინო დახმარების გაწევასა და განათლების მიღებაზე.
"მოკლედ ეს ბლოკადაა დასავლეთის მხრიდან", _ განაცხადა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.
"ჩვენ მრავალი ბლოკადა გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ", _ განაცხადა თავის მხრივ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ შეხვედრის დასასრულს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს განუცხადა: "ჩვენ მშვიდად ვიცხოვრებთ, განვვითარდებით არა ოკუპირებულ, როგორც ამას დასავლეთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, არამედ თავისუფალ და დამოუკიდებელ აფხაზეთში და ჩვენ ყველაფერი გვექნება კარგად".