ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება.
ბაქრაძისა და ანდრეს ფოგ რასმუსენის პირისპირ საუბარი თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება იქნება, თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ნატოს გენერალური მდივანი ასევე იმ საკითხებზეც ისაუბრებენ, თუ რა ძირითადი მიმართულებებით უნდა იმუშაოს საქართველომ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტები დააკმაყოფილოს.
"საუბრის ძირითადი თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ის საკითხი იქნება, თუ რა ფორმით და რა ფორმატით გაგრძელდება ეს ურთიერთობა უახლოეს წლებში იმისთვის, რომ შესრულდეს ბუქარესტის ვალდებულება და საქართველო შეძლებისდაგვარად სწრაფად გახდეს ალიანსის წევრი", - განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს და აქვე განმარტა, რომ საუბარი უსაფრთხოების საკითხებსა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებსაც შეეხება.
ანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსში სხვადასხვა ქვეყნების ელჩებსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერი ბრიუსელში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება.