საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ უნგრეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლასლო შოიუმს, საგარეო საქმეთა მინისტრს პეტერ ბალაჟს და უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლასლო მანდურს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უნგრეთის დელეგაციისა და საქართველო-უნგრეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
"შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, აგრეთვე ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების სწრაფი განვითარების მნიშვნელობასა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფაზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ვაჭრობის გაღრმავებას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს უნგრულმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და გამოხატა მზადყოფნა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმსაც.
ვაშაძე უნგრეთის რესპუბლიკას 19 ოქტომბერს ეწვია.