საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ალავიძე "თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს და "თიბისი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს შეხვდნენ.
მინისტრის "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას საუბარი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას, მისი განვითარების პერსპექტივებს და ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის მომზადების პროცესში მის მონაწილეობას შეეხო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იმართება.
"თიბისი" ბანკის ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების, გეგმებისა და პროგნოზების შესახებ, რაც ბანკს გააჩნია ამ წლის ბოლოსთვის და მომავალ წელს. საკმაოდ იმედისმომცემი სურათია იქიდან გამომდინარე, რომ ბანკებს დადებითი განწყობა აქვთ - უახლოეს მომავალში თავიანთ საქმიანობას ძალიან გააქტიურებენ," - აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის აზრით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ხელისუფლების გარდა ბიზნესის წარმომადგენლები და უცხოელი კონსულტანტები მიიღებენ. როგორც მან აღნიშნა, "თიბისი ბანკი" ამ პროცესში სიამოვნებით ჩაერთვება.