სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო "საქართველოს მიერ გალის რაიონში ტერორისტული საქმიანობის განახლების გამო" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს. ამას გარდა, სეპარატისტები ამ განცხადებაში უკვე მერამდენედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლით იმუქრებიან.
"ამ რაიონში განხორციელებული ტერაქტების სტატისტიკა მოწმობს საქართველოს მიერ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში აფხაზეთის გალის რაიონში მაცხოვრებელი ადამიანების დასაშინებლად, განსაკუთრებით, კი მათ დასაშინებლად, ვინც აფხაზეთის კანონიერ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ასევე ეს გააქტიურება აფხაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურების მთელი რიგი თანამშრომლების ლიკვიდაციას ისახავს მიზნად", _ ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, აფხაზიუ სეპარატისტები ამ განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მხარეზე იმისათვის რათა მან შეაჩეროს "ტერორისტული საქმიანობა" გალის რაიონში.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გალის რაიონში მდგომარეობის ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებს, განსაკუთრებით კი აშშ-ს დელეგაციას, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებს გავლენა მოახდინონ ქართულ მხარეზე და იძულონ იგი აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერორი შეწყვიტონ, რომლებმაც შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს და ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცეში ჩაშალონ", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.