"ზუსტად იმით არის ხიზრი ალდამოვი მომხიბლავი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, რომ იგი გარკვეულ ინფორმაციას ნამდვილად ფლობს და ზოგი მისი ინფორმაცია მართლაც სიმართლეა, თუმცა ზოგიც სიცრუეა", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის საქართველოში ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
"საქართველოში რომ ბოევიკების რაზმი იყო გილაევის მეთაურობით, საიდუმლო არავისთვის არ არის და ის, რომ თვითონ მონაწილეობდა ამ რაზმის დაბინავებაში და ეხმარებოდა ამ რაზმს რაღაც ღონისძიებების ჩატარებით, ესეც ხომ ფაქტია, ანუ მან ბევრი იცის. მან იცის სახელები და გვარები იმ ადამიანებისა, ვინც ამ საქმეში ჩართული იყო", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ ალდამოვმა საკუთარი თავის რეაბილიტაციის მიზნით მან თქვა ერთი ასეთი ფრაზა, რომ ის "ჯამაათების" წინააღმდეგი იყო და საქართველოს ხელისუფლება ეხმარებოდა "ჯამაათებს" - ეს არის ტყუილი", _ აცხადებს არეშიძე.
"პირიქით, ხიზრი ალდამოვი მფარველობდა სულ "ჯამაათებს" და თუ საჭირო გახდა, მე შემიძლია დავასახელო კიდეც ის, ვისაც ის მფარველობდა, ამას მართალია შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს არის დიდი თამაშის ნაწილი", _ აცხადებს ექსპერტი სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ უკვე მერამდენე დღეა ხიზრი ალდამოვი რუსეთიდან გაკეთებულ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს. რუსული მედიისათვის მიხემულ ინტერვიუში ალდამოვი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2014 წლის სოჭში დაგეგმილი თამაშებისათვის "აუცილებლად რამეს მოიმოქმედებს".
ამას გარდა, ხიზრი ალდამოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ადრე ბოევიკებს ეხმარებოდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ, ახლანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ახალ "იჩქერიის მთავრობას" ქმნის".
ალდამოვი რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთში გადავიდა, რამზან კადიროვის წინაშე მოინანია, ბოდიში მოიხადა და გააცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მწარედ ცდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ დუდაევსა და მის თანამებრძოლებს ჩეჩნეთისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ.
"მე მართლაც მჯეროდა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი. მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ მწარედ ვცდებოდი. გულწრფელად ვინანიებს იმას, რომ ასე ფუჭად დავკარგე მთელი ეს წლები. მინდა, რომ დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გავატარო და ჩეჩენ ხალხს გამოვადგე", _ განაცხადა ალდამოვმა. რამზან კადიროვთან გამართულ შეხვედრაზე მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მანამ არ დაბრუნდება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება.